ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ, გვჭირდება მეტი წნეხი რუსეთზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით პოლონეთს სოლიდარობას უცხადებს.
„დღეს, რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ ათზე მეტი რუსული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. ევროპა პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს“, - აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, „გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს“.
„რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მეტი სანქციები გვჭირდება. პარტნიორებთან ერთად სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ღამით რუსული დრონები პირველად ჩამოაგდეს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.