Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური აუცილებლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.

მისი თქმით, რეგიონი არ უნდა იქცეს რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის გავლენის სფეროდ.

ჰამბურგში გაზეთ Die Zeit-ის დაარსებიდან 80 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს. „ევროპული კონტინენტის ფორმირება უნდა დავასრულოთ, რათა ის რუსეთის, თურქეთის ან ჩინეთის გავლენის სფეროდ არ იქცეს. ჩვენ უფრო მასშტაბურად, გეოპოლიტიკურად უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპა თავის მოდელს რუსეთის იაფ ენერგიაზე, ჩინეთის იაფ მუშა ხელსა და აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე აშენებდა, თუმცა აღნიშნული პერიოდი დასრულდა.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირმა საკუთარი ეკონომიკური სიძლიერე და უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს. „სრულად უნდა შევცვალოთ ჩვენი პოზიცია. მეტად დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ“, - თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოსვლისას ცალკე ყურადღება დაუთმო ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების საკითხს. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღების მოდელზე უარი უნდა თქვან. როგორც მან აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს, რათა ევროპამ სწრაფი და ეფექტიანი პასუხების გაცემა შეძლოს.

მან აგრეთვე ენერგეტიკის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბირთვულ ენერგეტიკაზე უარის თქმა იყო შეცდომა.

ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე თქვა, რომ სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ, ბავშვთა უფლებებისთვის ბრძოლის კონტექსტში, მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო.