ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი კვლავ უხდის რუსეთს ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს წიაღისეული საწვავისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად რუსეთს წიაღისეული საწვავის იმპორტისთვის ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს უხდის, თუმცა აპირებს ამ მაჩვენებლის ნულამდე შემცირებას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას - „ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა“.
„ბევრს ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ციფრები თავისთავად მეტყველებს, მომეცით ნება, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. დღეს რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირისა და მილსადენებით მიწოდებით ბუნებრივი აირის იმპორტი 45%-დან 13%-მდეა შემცირებული, ქვანახშირის იმპორტი – 51%-დან 0-მდე, ნედლი ნავთობის კი 26%-დან 2%-მდე“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შემცირებამ გამოიწვია იმ შემოსავლების შემცირება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის იყენებს.
„ომის დასაწყისში ჩვენ რუსეთს ყოველთვიურად 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით წიაღისეული საწვავისთვის და ახლა ეს თანხა თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე შემცირდა, რაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და ჩვენ ვცდილობთ, ეს თანხა ნულამდე შევამციროთ“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.