Loading data...
უფაში უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამრეწველო ზონას შეუტიეს: ორი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იწვის

ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამრეწველო ზონას შეუტიეს, სადაც რამდენიმე ნავთობგადასამუშავებელი საწარმო მდებარეობს. საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე ორი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

Telegram-არხ Astrasvg-ის ინფორმაციით, რომელმაც თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოები გააანალიზა, ერთ-ერთი სამიზნე ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილი“ იყო. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს საწარმო უფის ნავთობგადასამუშავებელი კომპლექსის საკვანძო ელემენტია, რომელიც მაღალი ხარისხის, ევრო-6 სტანდარტის ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთსა და სამრეწველო ზეთებს აწარმოებს“.

უფის სამრეწველო ზონაში ერთმანეთის სიახლოვეს კომპანია „ბაშნეფტის“ სამი მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. „ბაშნეფტ-ნოვოილის“ (ნოვოუფის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა) გარდა, ესენია „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმი“ და „ბაშნეფტ-უნპზ“ (უფის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა).

მოგვიანებით, Telegram-არხმა Exilenova+-მა ე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის მიერ როსტოვის ოლქის ქალაქ კამენსკ-შახტინსკში მდებარე ფედერალურ სახელმწიფო საწარმო „კომბინატ კამენსკიზე“ სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშის შესახებ.

როგორც არხი აღნიშნავს, ფედერალური სახელმწიფო საწარმო „კომბინატ კამენსკი“ როსტოვის ოლქში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საკვანძო საწარმოა: ეს საწარმო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის კომპლექსებისთვის განკუთვნილი მყარი სარაკეტო საწვავისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ძირითადი მწარმოებელია.