Loading data...
უნგრეთში 5 მარტს დაკავებული 7 უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა

უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშადბანკის“ შვიდი ინკასატორი, რომლებიც 5 მარტს უნგრეთში ფულის გათეთრების ეჭვის გამო დააკავეს, უკრაინაში დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრე სიბიგამ X-ში დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მე უკვე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ უკრაინის შვიდი მოქალაქის გათავისუფლებას მივაღწიეთ. მათ უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს და უსაფრთხოდ არიან“, - წერს სიბიგა.

ცნობისთვის, 5 მარტს უნგრეთში „ოშადბანკის“ ორი ავტომობილი დააკავეს, რომლებსაც 40 მლნ დოლარი, 35 მლნ ევრო და 9 კგ ოქრო გადაჰქონდათ, აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე. უნგრეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ფულის გადატანას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი გენერალი და სამხედრო გამოცდილების მქონე კიდევ რამდენიმე პირი ხელმძღვანელობდა.

„ოშადბანკში“ განაცხადეს, რომ ინკასატორებს რეგულარულად გადააქვთ უცხოური ვალუტა და ძვირფასი ლითონები „ოშადბანკსა“ და ავსტრიულ „რაიფაიზენბანკს“ შორის. მისი ცნობით, ტვირთი შესაბამისად იყო გაფორმებული და საერთაშორისო გადაზიდვების, ასევე ევროპული საბაჟო პროცედურები დაცული იყო.