Loading data...
უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა

უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სლოვენიამაც შეზღუდა. ამის შესახებ სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო STA იტყობინება.

მედიის ცნობით, სლოვენიის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც კრშკოში მდებარეობს, ელექტროენერგიის წარმოებას თავისი სიმძლავრის 80%-მდე შეამცირებს.

ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეზღუდვის მიზეზი მდინარე სავაში წყლის დაბალი დონე და მაღალი ტემპერატურაა. აღნიშნული მდინარე რეაქტორის გასაგრილებლად გამოიყენება.

სიმძლავრის შეზღუდვა 5-6 აგვისტოს ღამით დაიწყება. თუ ჰიდროლოგიური პირობები გაუარესდება, შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოების შემდგომი შემცირება.

ეს პირველი მსგავსი ინციდენტია 2003 წლის შემდეგ, როდესაც სავაში წყლის დაბალი დონის გამო ელექტროსადგური დაახლოებით სამი თვის განმავლობაში შეზღუდული სიმძლავრით მუშაობდა.

წყლის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც მოქმედებს. დუნაიში, რომელშიც მდინარე სავა ჩაედინება, წყლის დაბალი დონის გამო, უნგრეთსა და რუმინეთში ატომური ელექტროსადგურების მუშაობა შეიზღუდა.