Loading data...
უნგრეთი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას ბლოკავს

„უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში მოლაპარაკებების ოთხი ახალი კლასტერის გახსნას უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

მედიის ცნობით, ბუდაპეშტი ითხოვს, რომ უკრაინამ ჯერ ეროვნული უმცირესობების, კერძოდ ეთნიკური უნგრელების უფლებებთან დაკავშირებით აჩვენოს რეალური პროგრესი.

„ასე ხდება ორმხრივ ურთიერთობებში. ერთი მხარე ამბობს: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“. მეორე კი პასუხობს: „არა, მეტის გაკეთება გმართებთ“. უნგრელები უკმაყოფილო არიან, თუ როგორ წყდება უნგრული ეროვნული უმცირესობის პრობლემები და ეს საკითხი ბრიუსელში უმაღლეს დონეზე გააქვთ“, – განმარტა უნგრელმა  დიპლომატმა.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების კლასტერების დაბლოკვა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

„უნგრელი დიპლომატები, რომლებიც ბრიუსელში ბუდაპეშტის ინტერესებს წარმოადგენენ, ბუდაპეშტიდან მიღებულ ინსტრუქციებს ასრულებენ. პრემიერ-მინისტრი თუ ამბობს: „ასე მოიქეცით“, ელჩი იძულებულია, ეს გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს“, – აცხადებს უნგრული მხარე.

ცნობისთვის, ევროკომისიასა და უკრაინულ მხარეს ტექნიკური სკრინინგი დასრულებული აქვთ და ყველა საჭირო დოკუმენტაცია მომზადებულია, თუმცა პროცესის ოფიციალურად დასაწყებად ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.