უმეროვმა ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგები შეაფასა
ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე Telegram არხზე გამოქვეყნებულ პოსტში შეაფასა.
„ერთობლივი ნაწილის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა ჯგუფებში მიმართულებების მიხედვით. დისკუსიები ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ საკითხებსა და შესაძლო გადაწყვეტილებების მექანიზმებზე“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს კონსტრუქციული ურთიერთქმედებისა და სამუშაო ტემპით მუშაობის სურვილისთვის.
უმეროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენებს. მისი თქმით, დელეგაციების მუშაობა 18 თებერვალს გაგრძელდება.
„ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის შედეგები უკრაინის პრეზიდენტს დღეს წარედგინება. პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფები ხვალ დილით გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა უმეროვმა 17 თებერვალს.
მისივე თქმით, მან ცალკე შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების და ევროპელი პარტნიორების - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის - წარმომადგენლებთან.
უმეროვმა ხაზი გაუსვა უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის საერთო ხედვის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდის შედეგები და შევათანხმეთ ჩვენი მიდგომები სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ საერთო ხედვა და კოორდინირებული ქმედებები უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის“, - წერს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.