უმეროვი ზელენსკის ერთადერთი კანდიდატია აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე - უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მთავარ და ჯერჯერობით ერთადერთ კანდიდატად მიიჩნევს. ამის შესახებ Suspilne-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ განუცხადა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ თუ უმეროვი აშშ-ში ელჩად დაინიშნება, შესაძლოა, ამჟამინდელი თანამდებობის პირებიდან ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრი გახდეს. ამჟამად განიხილება პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის, შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოსა და ვიცე-პრემიერ - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილ ფედოროვის კანდიდატურები.
აღსანიშნავია, რომ მთავრობაში დანარჩენი ცვლილებები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი კანდიდატი დაიკავებს უმეროვის ადგილს.
გამოცემა იხსენებს, რომ პრეზიდენტის გუნდი პრემიერ-მინისტრ შმიგალისა და ზოგიერთი მინისტრის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს. მისი ადგილის მთავარი პრეტენდენტი ეკონომიკის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკოა.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ის აშშ-ში უკრაინის ელჩად ოქსანა მარკაროვას ნაცვლად უმეროვის დანიშვნას გადაწყვეტს, ეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს.