Loading data...
FT: ევროპა რუსეთისა და პუტინის მიმართ ტრამპის რიტორიკის ცვლილებას ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებს

რუსეთთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო კომენტარები ხაზს უსვამს, რომ მისმა იმედგაცრუებამ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ, ასევე, მისი მხრიდან მოლაპარაკებებში კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონის მიმართ გარდამტეხ მომენტს მიაღწია. როგორც Financial Times წერს, ტრამპის რისხვა თეთრი სახლის ტონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ის პროუკრაინული პოზიციისკენ იხრება.

„ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ ამ ადმინისტრაციის ისტორიაში ახალი ფინანსური ზომების მიღებასთან, ან პუტინზე ახალი ზეწოლის განხორციელებასთან“, - განაცხადა კრისტინ ბერზინამ, აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდის მმართველმა დირექტორმა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები პუტინის შესახებ ამცირებს შიშს, რომ თეთრი სახლი მთლიანად მიატოვებს უკრაინას, ექსპერტების აზრით, ისინი შესაძლოა, კიევის სასარგებლოდ ღრმა ცვლილებას არ ნიშნავდეს. 

„ეს რუსეთისა და პუტინის მიმართ გამაფრთხილებელი დარტყმაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ მოულოდნელად უკრაინის უფრო დიდი მოკავშირე და მხარდამჭერი გახდება, ან უფრო დიდ როლს შეასრულებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა“, - განაცხადა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა მაქს ბერგმანმა.

ევროპაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის რიტორიკამ ევროპას გარკვეული იმედი მისცა მისი დამოკიდებულების პოტენციური ცვლილების შესახებ, ჯერ არ არსებობს რეალური მტკიცებულება იმისა, რომ თეთრი სახლი უფრო პროკიევურ პოზიციას იკავებს.

„უკრაინის დასავლელი მოკავშირეები კვლავ ფიქრობენ, რომ ტრამპი პუტინს განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორს მოლაპარაკებებში, ნებისმიერი დარეგულირების პროცესში, ხოლო ზელენსკის - როგორც მთავარ დაბრკოლებას რეალური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე“, - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

მათ დასძინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Patriot-ის სისტემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა უკეთ დაიცვას თავისი ჯარები და ქალაქები, ისინი გავლენას არ მოახდენენ მის შესაძლებლობაზე, საპასუხო დარტყმა განახორციელოს რუსეთზე, ან შეცვალოს ომის საერთო დინამიკა.

„არსებობს გარკვეული ზედმეტი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია ტონის ცვლილებით. მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ეს სერიოზულ ქმედებებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.