Loading data...
The Telegraph: მოლაპარაკებებში ტრამპის მონაწილეობის შემთხვევაში, უკრაინას ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწევს

თეთრმა სახლმა ნათლად განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, უკრაინას, სავარაუდოდ, გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევს, წერს The Telegraph-ის ჟურნალისტი ლიზა ჰესელდაინი.

„რუსეთი ამჟამად სწრაფად მიიწევს წინ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და თეთრმა სახლმა ნათლად განაცხადა, რომ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიების კრემლისთვის გადაცემას მოიცავს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამავდროულად, როგორც ჰესელდაინი წერს, ევროპელი ლიდერები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ტრამპმა შესაძლოა, ასეთი შეთანხმების მიღწევა უკრაინის თანხმობის გარეშე სცადოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლელი მოკავშირეების ყველა დაპირების მიუხედავად, რომ ისინი კიევს იქამდე დაუჭერენ მხარს, „სანამ საჭირო იქნება“, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ალტერნატიული, თუნდაც გარკვეულწილად ღირსეული გეგმის შემუშავება მოლაპარაკებებში პუტინის პოზიციის შესასუსტებლად.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, არსებობს იმედი, რომ სიტუაცია შესაძლოა, კიევის სასარგებლოდ შეიცვალოს. კერძოდ, ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პირველად დაჰპირდა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების გაწევას და ასევე, მიანიშნა რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანი განცხადების“ გაკეთებაზე, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი იქნება ეს განცხადება, კარგი, თუ ცუდი.

„მაგრამ მაშინაც კი, თუ ტრამპი საბოლოოდ დააწესებს ახალ, მკაცრ სანქციებს და ევროპასთან ერთად დაიწყებს იარაღის სრული სპექტრის მიწოდებას, რომელსაც უკრაინა მუდმივად ითხოვს, სამწუხაროდ, უნდა დავსვათ კითხვა: იქნება თუ არა ეს ძალიან ცოტა და ძალიან გვიანი?“, - ხაზგასმით აღნიშნავს The Telegraph-ის მიმომხილველი.

იგი ხაზს უსვამს იმ „ნიშანდობლივ ფაქტს“, რომ ამ კვირაში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმებმა უკანა პლანზე გადაიწია, „რაც ნიშნავს იმის მდუმარე აღიარებას, რომ ცეცხლის შეწყვეტა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა“.