უმეროვი: უკრაინამ რუსულ მხარეს შესთავაზა, ლიდერების შეხვედრა აგვისტოს ბოლომდე ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით გაიმართოს

უკრაინამ რუსულ მხარეს შესთავაზა, ლიდერების შეხვედრა აგვისტოს ბოლომდე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა 23 ივლისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ ასევე განაცხადა მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტისთვის, კერძოდ, კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კუთხით.
ამასთან, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ სამხედრო და სამოქალაქო პატიმრების გაცვლაზე და პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს არ გამართავენ. უმეროვის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარულ გაცვლაში 1200-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
„ასევე განვიხილეთ ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ეტაპები. რუსული მხარე დათანხმდა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში მყოფი ადამიანების დაბრუნებას, მათ შორის მძიმედ დაჭრილებისა და ახალგაზრდების“, - განაცხადა უმეროვმა.
უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა - რუსტემ უმეროვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი კისლიცამ და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ - მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დაბრუნება აუცილებელია.
მათი თქმით, ტრამპის ინიციატივას მხარდაჭერა აქვს და მრავალი შეხვედრა შედგა.
„ჰუმანიტარული მიმართულებით მიღწევები გვაქვს. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ჯერჯერობით არანაირი დათმობა არ ყოფილა. უკრაინული მხარე ყოველთვის მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. თუმცა რუსეთს ეს არ სურს“, - განაცხადეს მათ.
გარდა ამისა, მოლაპარაკებების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრა სხვებისგან განსხვავებული იყო, ნაკლები ემოციურობით.
„არასწორია განხილულ დოკუმენტებს მემორანდუმები ვუწოდოთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის პროექტები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ უკრაინული დოკუმენტები უფრო რეალისტურია, ვიდრე რუსული“, - დასძენენ ისინი.