Loading data...
უკრაინულმა ძალებმა სიზრანის ნავთობის ქარხანას და ტაგანროგს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ სიზრანის ნავთობის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. „არის დაზიანებები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ფიოდორიშევმა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მობილური საცეცხლე ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში უკრაინული დრონების შეტევებს იგერიებდნენ. საერთო ჯამში 40 დრონი იყო განადგურებული. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონებით იერიში სიზრანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რომელიც „როსნეფტს“ ეკუთვნის. ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ეს ქარხანა ნავთობის ყველაზე დიდი საწარმოა სამარის ოლქში და მასზე დრონებით იერიშები ადრეც განხორციელებულა.

იმავე ღამეს იერიშები ტაგანროგზე განხორციელდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის თქმით, სარაკეტო შეტევას მიწაზე „მრავალი შედეგი მოჰყვა“. იერიშის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, არავინ დაშავებულა. სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია Ozon-ის საწყობი, სოფლის მეურნეობის საწარმოთა საწყობები, სასურსათო მაღაზია, კომერციული შენობა, ასევე სახლებში მინები ჩაიმსხვრა.

უკრაინის ტელეგრამ-არხების ცნობით, შეტევების სამიზნე ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსი და ტაგანროგის საავტომობილო ქარხანა გახდა, რომელიც სამხედრო მიზნებში გამოიყენება.