უკრაინულმა დრონებმა უსტ-ლუგას პორტზე და ლენინგრადის ოლქზე იერიშები განახორციელეს
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქზე იერიში განახორციელეს. უსტ-ლუგას პორტში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
შეტევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილობრივი გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ცნობით, ოლქის საჰაერო სივრცეში 56 დრონი იყო განადგურებული.
უსტ-ლუგა ბალტიის ზღვაზე უდიდესი პორტია. რუსეთში ის სიდიდით მხოლოდ ნოვოროსიისკის პორტს ჩამორჩება. უსტ-ლუგას პორტის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.
უკრაინული ანალიტიკოსების ცნობით, იერიშის დროს ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგა“ დაზიანდა, რომელიც სტაბილური გაზის კონდენსატის გადამუშავებაზეა სპეციალიზებული. ასევე აქედან გარე ბაზრებზე რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაც ხდება. უსტ-ლუგა უკრაინის საზღვრიდან 855 კმ-ში მდებარეობს.
ლენინგრადის ოლქზე შეტევის გამო პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა. ფრენებზე შეზღუდვები კიდევ 5 აეროპორტში მოქმედებდა.