მეუფე შიო: ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის და შეიძლება ითქვას, ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა - ავტოკეფალიის მოპოვებისთვის
„ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული პარაკლისი დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საოცარი ერთიანობა დიდ სულიერ ძალასა და ნუგეშს აძლევს ერს ამ ურთულესი დღეების გადასატანად.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. მეტად სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს შესრულდა მე-9 დღე სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებიდან. როგორც იცით, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ძალისხმევით მოპოვებულ ავტოკეფალიას საქართველოს ეკლესია - მიუხედავად მრავალი ქარტეხილისა, მტრების შემოსევებისა ინარჩუნებდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. და აი, 1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის.
და აი, ასეთი ავტოკეფალია დაკარგული ეკლესია და დაობლებული, განაგრძობდა ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის. რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ასეთი შემართებით, ჯერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის, შემდეგ კი აღდგენისთვის? იმიტომ, რომ ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში. ავტოკეფალიის პირობებში, ადგილობრივ ეკლესია სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავისი სამცხოს სულიერ განათლებაზე. ავტოკეფალია განაპირობებს - ღვთისმეტყველების, განათლების, ქადაგების წარმართვას და განვითარებას მშობლიურ ენაზე.
საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა დარგების განვითარებას ეროვნული საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შორის, საეკლესიო გალობის, ხატწერის, ხუროთმოძღვრების, უნიკალური ეროვნული ტრადიციების განვითარებას და ასევე, ეკლესიის სხვა დარგების, რა თქმა უნდა. როდესაც 1917 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა ავტოკეფალიის აღდგენა, ეს აღქმული იყო არა მხოლოდ რაღაც ადმინისტრაციული ნაბიჯი, არამედ, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის დიდი აქტი და რაც მთავარია, ერის სულიერი აღდგომა. მაგრამ ამით არ დასრულებულა ბრძოლა ავტოკეფალიის საბოლოო მოპოვებისთვის. გამოვაცხადეთ აღდგენა 1917 წელს ავტოკეფალიისა, მაგრამ საჭირო იყო ამის ცნობა - მსოფლიოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკელესიების მიერ. აი, ეს დიდი საქმე კი უკვე ითავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც მრავალწლიანი შრომით, თავისი დიდი ავტორიტეტით მიაღწია იმას, რომ 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესობამ დმიტრიოს პირველმა საქართველოს ეკლესიას გადასცა - ჩვენი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და მტკიცების სიგელები.
შეიძლება ითქვას, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა - ავტოკეფალიის მოპოვებისთვის.
ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებითა და მადლიერებით ვართ გამსჭვავლური ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმი, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეჰგუებიან ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას ეკლესიას.
ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად.
ეს გამოვლენილი ერთიანობა და სიყვარული ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა და წინაპრებმა მოიტანეს და მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა.
თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას“, - აცხადებს მეუფე შიო.