უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ელექტროქვესადგურებზე საჰაერო იერიში მიიტანეს
რუსეთის ვოლგოგრადის და ვოლოგდის ოლქებში უკრაინულმა დრონებმა ენერგეტიკულ ქვესადგურებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ვოლგოგრადის ოლქში ამ იერიშების შემდეგ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეტევა 1523 მეგავოლტის სიმძლავრის ქვესადგურზე, „ბალაშოვსკაიაზე“ განხორციელდა. ამ ობიექტიდან ელექტროენერგია რუსეთის ცენტრალურ რეგიონებს მიეწოდება.
ვოლოგდის ოლქში იერიში ქვესადგურზე, „ბელოზიორსკაიაზე“ განხორციელდა, რომლის სიმძლავრე 3 გიგავოლტ-ამპერს უდრის. ეს ამ რეგიონის მსგავსი ტიპის ყველაზე მსხვილი ობიექტია.
ბოლო კვირებში უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ინტენსივობა გაზარდა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული რაკეტების გამოყენებით იერიშების გეოგრაფია გაიზრდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლო დღე-ღამეში მან რუსეთის შვიდი რეგიონის თავზე 82 უკრაინული დრონი გაანადგურა.