უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსული „ორეშნიკი“ გაანადგურეს
 
        უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი მალიუკმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ასტრახანის ოლქში მდებარე რუსულ პოლიგონზე, კაპუსტინ იარზე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
მალიუკის თქმით, „ორეშნიკის“ განადგურება შესაძლებელი გახდა ოპერაციის შედეგად, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, შეიარაღებულმა ძალებმა, უშიშროების სამსახურმა და უკრაინის საგარეო დაზვერვამ ჩაატარეს.
„ეს ძალზე წარმატებული მისიაა. რაკეტა ასპროცენტიანად არის განადგურებული. ოპერაციის ჩატარების მომენტში მისი აფიშირება არ მომხდარა. ამის შესახებ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა და რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა იცოდა“, - განაცხადა მალიუკმა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, დაზვერვის ცნობით, რუსეთს სამი „ორეშნიკი“ გააჩნდა, ერთი მათ დნეპრზე იერიშის დროს გამოიყენეს, და მეორე განადგურებული იყო.
შესაბამისად, რუსულ ძალებს კიდევ ერთი „ორეშნიკი“ დარჩათ. თავდაპირველად წელიწადში 6 ასეთი რაკეტის გამოშვება იგეგმებოდა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი „ორეშნიკის“ ბელარუსში განთავსებას აპირებს. ამ რაკეტის მოქმედების მანძილი 5 ათას კილომეტრს შეადგენს. ამიტომ „ევროპელებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ“.
 
            