Loading data...
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ითხოვს

„უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან დაუშვებელია რუსეთმა განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები საკუთარი ხელისუფლების ხელახლა არჩევას“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

„ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფომ, თუ ომი წლები გაგრძელდება? რა მოხდება, თუ ის კიდევ ერთ, ორ ან სამ წელს გასტანს? აქვს თუ არა რუსეთს უფლება, ფაქტობრივად განსაზღვროს, როდის აირჩევენ უკრაინელები თავიანთ ხელისუფლებას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია რუსეთის მძევალი ვერ გახდება“, - აცხადებს ფედოროვი.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალური გზა, რომელიც გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი გახდის შესაძლებელს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი აღდგეს. 

„დემოკრატია ვერ იქნება რუსეთის მძევალი. ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ გვსურს დავრჩეთ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ. ამდენად, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი აღდგეს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში. ეს მარტივი არ არის. საჭიროა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფა სამხედროებისთვის, საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისთვის და ფრონტისპირა რეგიონების მცხოვრებლებისთვის. აუცილებელია საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგებისადმი ნდობა. თუმცა, სირთულე შეუძლებლობას არ ნიშნავს. უკრაინას არაერთხელ გაუკეთებია ის, რაც მსოფლიოს შეუძლებლად მიაჩნდა“, - დასძინა მან.

ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი მისი პროფესიონალიზმი, შედეგები ან ქვეყნის შეცვლის უნარი კი არა, სისტემისადმი პირადი ლოიალობაა.

„თანამედროვე სახელმწიფო ასე ვერ იფუნქციონირებს. მით უმეტეს, ვერ იფუნქციონირებს ქვეყანა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენ კორუფციაზეც ღიად უნდა ვილაპარაკოთ - არა იმიტომ, რომ ეს მოდური სიტყვაა, არამედ იმიტომ, რომ ომის დროს კორუფცია სრულიად სხვა, ბევრად მძიმე მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნავს ფედოროვი.