Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება: მიმდინარე მოვლენების მიზეზი სწორედ ირანის რეჟიმის ძალადობა და თვითნებობაა, კერძოდ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მკვლელობები და რეპრესიები

უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში ბოლო სამხედრო ესკალაციაში ირანის ისლამური თეოკრატიული რეჟიმი დაადანაშაულა.

„მიმდინარე მოვლენების მიზეზი სწორედ ირანის რეჟიმის ძალადობა და თვითნებობაა, კერძოდ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მკვლელობები და რეპრესიები, რომლებმაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.

უწყებამ დაგმო ირანის მთავრობა „ქვეყანაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებისა“ და იმ „მებრძოლების მხარდაჭერისთვის, რომლებმაც რეგიონის სხვა ქვეყნებს ქაოსი მოუტანეს“.

კიევმა ასევე გააკრიტიკა თეირანი 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ გვახსოვს და არასდროს დავივიწყებთ ათასობით „შაჰიდის“ დარტყმებს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობაზე“, - განაცხადა სამინისტრომ ირანულ დრონებზე მითითებით, რომლებსაც რუსეთი ხშირად იყენებს უკრაინაზე დარტყმების დროს.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თეირანის რეჟიმს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა ძალადობრივი სცენარის თავიდან ასაცილებლად. მას დიპლომატიისა და გადაწყვეტილებების პოვნის შესაძლებლობები მიეცა, თუმცა რეჟიმმა უგულებელყო ეს მცდელობები და მხოლოდ დროს აჭიანურებდა იმ იმედით, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანდა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ პოზიციას: ვუსურვებთ უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და თავისუფლებას ირანელ ხალხს, ასევე, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ახლო აღმოსავლეთს. მადლობას ვუხდით მსოფლიოში ყველას, ვინც მხარს უჭერდა და აგრძელებს მხარდაჭერას ირანელი ხალხის მიმართ ამ რთულ დროს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.