უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
„სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
„ასეთ პირობებში ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრი ანტიკრიზისული ზომების მიღებას, რათა უზრუნველვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაცვის საჭიროებები და ჩვენი ხალხი. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტულობას. პირველ რიგში ვაფინანსებთ: თავდაცვას, პენსიებსა და სოციალურ განაცემებს, ასევე მასწავლებლების, ექიმებისა და საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომელთა ხელფასებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, არაპირველხარისხოვანი ხარჯები, გადაიდება. ეს ეხება ახალი მშენებლობის პროექტებს, რეკონსტრუქციებსა და კაპიტალურ რემონტებს, რომლებიც არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ასევე კეთილმოწყობის ობიექტებს, როგორებიცაა პარკები, სკვერები, შადრევნები ან ქვაფენილის ხელახლა დაგება.
„ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყველა რესურსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებისკენ უნდა იყოს მიმართული. დროა, ბოლოს და ბოლოს, შევწყვიტოთ თანხების ხარჯვა არაპრიორიტეტულ რამეებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.