Loading data...
უკრაინის მოქალაქეთა დაბრუნების ხელშეწყობისთვის სიბიგამ საქართველოს და მოლდოვას მადლობა გადაუხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რამდენიმე თვის განმავლობაში გაჭედილი უკრაინის მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყვეს. ინფორმაციას istories.media ავრცელებს.

„მადლობას ვუხდით საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომლებიც ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების გადაჭრაში დაგვეხმარნენ“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, ბოლო თვეებში საერთო ჯამში უკრაინაში ამ ქვეყნის 109 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებიც „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იყვნენ გაჭედილები.

ბოლო რეისით უკრაინაში 65 ადამიანი დაბრუნდა, ამჟამად საზღვარზე კიდევ რჩება უკრაინის 22 მოქალაქე.

22 აგვისტოს საქართველოს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადაყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.