დონალდ ტრამპის თქმით, ორი კვირის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუწესოს თუ არა რუსეთს სანქციები

„ორი კვირის განმავლობაში მეცოდინება, რა შეიძლება გავაკეთო“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი და განმარტავს, რომ ამ დროის მანძილზე დაინახავს, შესაძლებელია თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. თემაზე Reuters წერს.
როგორც ტრამპი ამბობს, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პერსპექტივა კვლავ აქტუალური გახდა.
„არ ვარ კმაყოფილი მშვიდობის დამყარების ძალისხმევის არცერთი ასპექტით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ (15 აგვისტო) დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ალასკაზე სამიტი გამართა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი დათანხმება ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ვერ მოახერხა.
„იქ უზარმაზარი სიძულვილი ტრიალებს“, - თქვა იმედგაცრუებულმა ტრამპმა. „მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ, თუ რომელ გზას ავირჩევ“.
მისი განცხადებით, მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუწესოს თუ არა რუსეთს სანქციები.
„ან შეიძლება არც არაფერი გავაკეთო და ვთქვა, რომ „ეს თქვენი ბრძოლაა“. ვნახოთ“, - ამბობს დონალდ ტრამპი.