Loading data...
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ეჭვმიტანილის ბრალდებას მოაწერა ხელი, რომლითაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო სარგებლის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს.

„ე.წ. ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომის მოპოვება იყო. ხოლო, ამის შემდეგ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ჩამოშორება და ამ საქმეებზე საპროცესო გადაწყვეტილებების შეჩერება“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

კრავჩენკომ სემიონ კრივონოსს და უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელს ალექსანდრ კლიმენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გასულ კვირას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, თუმცა, ოფიციალურად ჯერ არ გაუთავისუფლებიათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტოკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურატურის ოფისში კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად სპეციალური ოპერაცია „კართაგენი“ ჩაატარეს.