Loading data...
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშენკოს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. პროკურატურის ცნობით, მან ამ გზით 112 მლნ დოლარი მიითვისა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

გალუშენკოს ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრების (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში წევრობის მუხლით (უკრაინის სსკ-ის 255-ე მუხლის მეორე ნაწილი).

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წელს დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა ანგილიას კუნძულზე ფონდი დააფუძნეს, რომელსაც 100 მლნ აშშ დოლარის „ინვესტიცია“ უნდა მოეზიდა. „ინვესტორებს“ შორის გალუშენკოს ოჯახიც იყო, მაგრამ ჩინოვნიკის მონაწილეობა ფონდში კომპანიების ჯაჭვით იყო შენიღბული.

შემდეგ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ფონდში თანხების გადარიცხვა დაიწყეს. ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში იყო გახსნილი. ამ გზით 7,4 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვა მოხდა. კიდევ 1,2 მლნ შვეიცარიული ფრანკი და 2,4 მლნ ევრო უშუალოდ გალუშენკოს ოჯახს გადაურიცხეს.

ამ თანხების ნაწილი შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში გალუშენკოს შვილების სწავლაზე დაიხარჯა, ხოლო თანხების ნაწილი ყოფილი მინისტრის ცოლის ანგარიშებზე განთავსდა. თანხების ნაწილი დეპოზიტზე იყო განთავსებული, რითაც ოჯახი დამატებით შემოსავალს იღებდა.

პროკურატურის ცნობით, 2021-2025 წლებში, როდესაც გერმან გალუშენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი იყო, მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ნაღდი ფულის სახით 112 მლნ აშშ დოლარი მიიღო ენერგეტიკის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გზით.