უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ კიევი უკრაინელების წინააღმდეგ ჩეხეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებებს მის პირად პოზიციად მიიჩნევს, რომელიც „რუსული პროპაგანდის გავლენით ჩამოყალიბდა“
პრაღაში უკრაინის ელჩმა ვასილ ზვარიჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის, ტომიო ოკამურას ბოლო განცხადებები უკრაინასთან, უკრაინელებთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდას ასახავს და მიუღებელია. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ზვარიჩის თქმით, კიევი უკრაინისა და უკრაინელების მიმართ ოკამურას „შეურაცხმყოფელ და სიძულვილით სავსე“ განცხადებებს მის პირად პოზიციად მიიჩნევს, რომელიც, „როგორც ჩანს, რუსული პროპაგანდის გავლენით ჩამოყალიბდა“.
„სიტყვები, რომლებიც მან ჩემს თანამემამულეებსა და უკრაინაზე, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობაზე წარმოთქვა, უღირსი და სრულიად მიუღებელია. ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩეხეთის რესპუბლიკა, როგორც ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, დაფუძნებულია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზვარიჩმა.
ცნობისთვის, ჩეხეთის ულტრამემარჯვენე „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის“ პარტიის ხელმძღვანელი ტომიო ოკამურა ახალი წლისადმი მიძღვნილ მიმართვაში უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ გამოვიდა და „ზელენსკის ხუნტაზე“ ისაუბრა.