Loading data...
უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქის და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდებზე იერიშები განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები განახორციელეს ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ ხიდზე, ასევე პერეკოპ-არმიანსკის დამაკავშირებელ ხიდზე და საავტომობილო ხიდზე, რომელიც მდებარეობს დასახლება სტავკას მახლობლად. შესაბამისი ინფორმაცია ხერსონის ოლქის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ სალდომ გაავრცელა. ამის თაობაზე Deutche Welle იუწყება.

მისი თქმით, ხიდები დაზიანდა და ამჟამად სპეციალისტების მიერ მათი შემოწმება მიმდინარეობს.

სალდოს ცნობით, ხერსონის ოლქის თავზე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 45 უკრაინული დრონი გაანადგურეს. მისი თქმით, უკრაინული ძალები, პირველ რიგში, რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უტევენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა დრონებმა დასახლება ჩონგარის მახლობლად საავტომობილო ხიდი დააზიანეს, რომელიც ასევე ხერსონის ოლქს ყირიმთან აკავშირებს.

უკრაინელების გახშირებული იერიშების გამო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ყირიმში საწვავის დეფიციტი შეინიშნება.