Loading data...
უკრაინის ძალების ცნობით, ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე შეტევა Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ამის თაობაზე Deutche Welle იუწყება.

„მასირებული კომბინირებული დარტყმა სხვა შეიარაღებასთან ერთად Storm Shadow-ის ტიპის საჰაერო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა. მათ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გაარღვიეს“, - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები. მათივე ცნობით, შეტევის შედეგების დაზუსტება მოგვიანებით მოხდება.

მათივე ცნობით, ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია, იქ დენთის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სარაკეტო საწვავის კომპონენტების წარმოება ხდება.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კლიმოვის რაიონზე FPV დრონების მეშვეობით იერიში მიიტანეს, რის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. გუბერნატორის ცნობით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 57 უკრაინული დრონის განადგურება მოახერხეს.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, 2024 წლის ნოემბერში დიდი ბრიტანეთს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ის ტიპის რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა გადასცა. რაკეტების მიწოდების შესახებ საჯაროდ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სააგენტო მათ ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.