Loading data...
უკრაინელმა ბიზნესმენმა მინდიჩმა სასამართლოში იჩივლა და ზელენსკის ბრძანებულების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვს

უკრაინელმა ბიზნესმენმა, სტუდია „კვარტალი-95“-ის თანამფლობელმა და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა თანამებრძოლმა ტიმურ მინდიჩმა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში იჩივლა და მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მინდიჩი სანქციების შესახებ ზელენსკის ბრძანებულების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვს.

როგორც მინდიჩმა უკრაინულ მედიას განუცხადა, მან სარჩელი სასამართლოში იმიტომ შეიტანა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„მე იმის ჩადენაში მადანაშაულებენ, რაც არ გამიკეთებია“, - ამბობს ბიზნესმენი.

გასული წლის 10 ნოემბერს უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სახელმწიფო კომპანიაში, „ენერგოატომში“ კორუფციული სქემის გახსნის შესახებ განაცხადა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, კომპანიის კონტრაგენტებს კონტრაქტების 10-15%-ის გადახდა უწევდა. სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ უკრაინის მოქმედი მთავრობის მინისტრები და ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი. გამოძიების ცნობით, მინდიჩი ენერგეტიკული სექტორის ჩინოვნიკებზე გავლენას ახდენდა.

ანტიკორუფციული ორგანოების მიერ ჩხრეკის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე მინდიჩმა უკრაინა დატოვა. ამის შემდეგ ზელენსკიმ სერგეი მინდიჩისა და ალექსანდრე ცუკერმანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ, ხოლო აქტივები დაიბლოკა. ასევე ამ ბიზნესმენებს სავაჭრო ოპერაციები და საზღვარგარეთ კაპიტალის გატანა აეკრძალათ.