Loading data...
უკრაინელი სამხედროები გერმანელ კოლეგებს დრონების გამოყენებას ასწავლიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გერმანელ სამხედროებს დრონების გამოყენებას და მობილური აპლიკაციების მეშვეობით სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ასწავლიან. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, შესაბამის ბრძანებულებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა. პროგრამის მიხედვით, მოხდება უკრაინელი ინსტრუქტორების ინტეგრაცია გერმანიის სახმელეთო ძალების სკოლებსა და სასწავლო ცენტრებში.

Der Spiegel იუწყება, რომ მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან 2025 წლიდან მიმდინარეობს.

„ამჟამად ნატოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს სამხედრო გამოცდილება, როგორც უკრაინას აქვს“, - წერს Der Spiegel.

სასწავლო პროგრამაში შევა უპილოტო საფრენი აპარატების მართვა, შეტევების მოგერიების მეთოდები, ასევე მართვის და მეთაურობის თანამედროვე სისტემები.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შემუშავებული აქვთ მობილური აპლიკაციების მეშვეობით საბრძოლო მოქმედებების და შეიარაღებული ძალების მართვის სისტემები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ საბრძოლო მასალების მიწოდების და დაჭრილების ევაკუაციის კოორდინაცია.

სწავლების სხვა დეტალები უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია. გერმანული მედიის ცნობით, უკრაინა ფრონტზე ისედაც სამხედროების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ უკრაინელი ინსტრუქტორები გერმანიაში მხოლოდ რამდენიმე კვირას გაატარებენ.