Loading data...
უკრაინაში თავდაცვის მინისტრის, ფიოდოროვის გადაყენების წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს

უკრაინაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფიოდოროვის გადაყენების წინააღმდეგ. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

კიევში აქციის მონაწილეები ივან ფრანკოს მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით „დააბრუნეთ ფიოდოროვი“, „სირცხვილია!“, „გადააყენეთ სირსკი!“

საპროტესტო აქციები ასევე ივანო-ფრანკოვსკში, ვინიცაში, ლუცკში, ხმელნიცკში, ლვოვში, უჟგოროდში, დნეპრში, ტერნოპოლსა და ოდესაში გაიმართა.

ასევე თანამდებობა დატოვა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ პაველ ელიზაროვმა. მან თავისი გადადგომა თავდაცვის მინისტრის გადაყენებას დაუკავშირა.

„ომის მეხუთე წელს იძულებული ვარ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ პატაკი დავწერო. ჩემი აზრით, მიხეილ ფიოდოროვის გადაყენება არის ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალისთვის ძალზე უარყოფითი რამ“, - დაწერა ელიზაროვმა.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიოდოროვსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ალექსანდრე სირსკის შორის ბოლო დროს სერიოზული კონფლიქტი არსებობდა. 

მიხეილ ფიოდოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2026 წლის იანვარში დაინიშნა. ოფიციალურად მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ფიოდოროვის გადაყენება უკრაინის მთავრობის საკადრო ცვლილებების ფონზე მოხდა. პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა. ახალ მთავრობას რადა 16 ივლისს დაამტკიცებს.