Loading data...
მაიკ უოლცი: აშშ-ს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა

გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა NBC News-ს განუცხადა, რომ „აშშ-ს აქვს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის“ და უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ამოწურულია.

„მინდა სრულიად ნათლად განვაცხადო: აშშ-ის სამხედრო ძალებს, მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტურად წარმართონ. და უნდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, - აცხადებს გაეროში აშშ-ის ელჩი.

NBC News-მა, ასევე, ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან ომის გაგრძელების გამო აშშ-ის იარაღის მარაგი მცირდებოდა. 

„თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა მემკვიდრეობით მიიღო გამოფიტული სიტუაცია, რაც განპირობებულია არა მხოლოდ უკრაინის ომით, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს „ჰუსიტებთან“ მიმდინარე ბრძოლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დასუსტებული სამხედრო ძალებით“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სამხედროებმა გადაწყვიტეს, ერთი მხრივ, გამოიყენონ ახალი ტიპის, უფრო იაფი საბრძოლო მასალები და ახალი ტექნოლოგიები, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვის ახალი ბიუჯეტების დახმარებით აღადგინონ და გააძლიერონ აშშ-ის სამხედრო ძალა.