Loading data...
უკრაინაში სააღდგომო ზავი დასრულდა - მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 11 აპრილს 16:00 საათიდან 12 აპრილის დილის 8:00 საათამდე, უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 1971-ჯერ დაარღვია.

„აღდგომაზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა სამი ღამის განმავლობაში შეტევა განახორციელეს რუსული ჯარების პოზიციებზე პოკროვსკოეს რაიონიდან და ოტრადნოეს დასახლებების მიმართულებით. ყველა იერიში მოგერიებულია“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოთხი მცდელობა, წინ წასულიყვნენ რუსული ჯარების პოზიციებზე, ჩაიშალა.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში ორი დრონი გაუშვეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სააღდგომო ზავი 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინა არაერთხელ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მიერ 16:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის 469 დარღვევა დაფიქსირდა.

12 აპრილს უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღის დასაწყისიდან რუსებთან 91 შეტაკება მოხდა, სულ კიევის დროით 22:00 საათის მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თითქმის 7700 დარღვევა დაფიქსირდა.