Loading data...
უკრაინას წინ ძალიან მძიმე მოლაპარაკება ელის, მის შედეგებზე მსოფლიოს მომავალი ფორმატი იქნება დამოკიდებული - Bloomberg

უკრაინას წინ ძალიან მძიმე და კრიტიკული მოლაპარაკება ელის, რომელზეც როგორც მსოფლიოს მომავალი ფორმატი, ასევე დასავლეთის ერთიანობა იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ სტატიას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთი ამჟამად უკრაინისთვის დროის მოგებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების ბოლო ვადად მომავალი ხუთშაბათი დაასახელა. კიევისა და მისი ევროპელი პარტნიორების აზით, ეს, ფაქტობრივად, მოსკოვისთვის დათმობას ნიშნავს.

ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა დედლაინი ნამდვილი ულტიმატუმი თუ ეს ზეწოლის ერთ-ერთი ელემენტია.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკვე ესაუბრა და განაცხადა, რომ კონსულტაციები ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე გაგრძელდება, ასევე მასში სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიღებს მონაწილეობას. რუბიომ უკვე განაცხადა, რომ გეგმა საბოლოო დოკუმენტი არ არის და მასში „ახალი მიდგომების გენერირება“ შეიძლება მოხდეს.

თავად ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერაზე უარს იტყვის, თუ კიევი ამ გეგმას არ დათანხმდება. ამასთანავე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ვადების გადაწევაც შესაძლებელია, თუ ის „დაინახავს, რომ პროცესი კარგად მიდის“.

ახლა ევროპელი პოლიტიკოსები სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში ერთმანეთს ხვდებიან და ერთიანი პოზიციის შემუშავებას ცდილობენ, რათა სამშვიდობო გეგმაში კორექტივები შევიდეს.

ევროპაში იმედოვნებენ, რომ ეს სიტუაცია ტრამპის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლის წინა რაუნდებს გაიმეორებს,  როდესაც ის კიევისა და მისი მოკავშირეების მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ უკან იხევდა.

„იმის წარმოდგენა, რომ ამ წინადადების შეთანხმება 27 ნოემბრამდე მოხდეს, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპერტმა მეგან ო’სალივანმა.

ტრამპის გეგმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა.

„არ შეიძლება აიძულებდე უკრაინას, რომ საკუთარი მიწა-წყალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სამხედრო დამნაშავეს დაუთმოს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა.

„თუ ტრამპის მრჩეველები იმით არიან დაკავებულები, რომ პუტინი დაამშვიდონ და არა იმით, რომ რეალურ მშვიდობას მიაღწიონ, მაშინ ტრამპს ახალი მრჩეველები სჭირდება“, - განაცხადა სენატორმა მიჩ მაკკონელმა.

როგორც 21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა ომის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ზელენსკის თქმით, ქვეყანა ან ღირსების და დამოუკიდებლობის, ან ვაშინგტონის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, თუ ახალ სამშვიდობო გეგმაზე უარს იტყვის.