„უკრაინას სრული უფლება აქვს“ - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის აეროდრომებზე დარტყმებს გამოეხმაურა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე 1-ელ ივნისს რუსეთის აეროდრომებზე უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს თავდაცვის უფლება აქვს.
ეიდემ გაიხსენა, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და „უკრაინას, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, მთელ რუსეთში სამხედრო ობიექტებს დაარტყას“.
„აქ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს მაშინ, როცა რუსეთი ხშირად ესხმის თავს უკრაინის ქალაქებს, იწვევს ზიანს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას“, - დასძინა მინისტრმა.
ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნორვეგიასთან შედარებით ახლოს ცალკეული რუსული სამიზნეების დამარცხების მიუხედავად, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე ემუქრება.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 1-ელ ივნისს რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე საჰაერო იერიშები განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, „ბელაიას“, „დიაგილევოს“, „ოლენიასა“ და „ივანოვოს“ აეროდრომებზე 40-ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები. წინასწარი მონაცემებით, მტრის თვითმფრინავებს 2 მილიარდ დოლარზე მეტის ზიანი მიადგა.
სპეცოპერაცია „აბლაბუდა“ წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. მის ფარგლებში, სპეცსამსახურმა რუსეთში ჯერ FPV დრონები გაგზავნა, შემდეგ კი მობილური ხის სახლები, რომლებშიც დრონები იმალებოდა.
„შესაფერის მომენტში სახლების სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები გაფრინდნენ რუსული ბომბდამშენების დასაბომბად“, - განუცხადა უკრაინულ მედიას წყარომ.