Loading data...
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა

საჰაერო ძალების ცნობით, 10 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტის დროს რუსეთმა 27 დრონი გაუშვა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დრონებით შეუტიეს ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონს.

მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტექნიკურ სართულს მოხვდა. 

თავდასხმის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟაც.

მისი თქმით, რუსეთმა დრონებით ოლქის ორ რაიონს შეუტია.

სინელნიკოვოს რაიონში დაშავდა სამი წლის გოგონა, რომელიც საშუალო სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, შუაღამიდან მოყოლებული რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 27 უპილოტო აპარატით შეუტიეს, მათ შორის იყო „შაჰედებიც“. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ 27-ვე დრონი ჩამოაგდეს.