Loading data...
Bloomberg: ტრამპი ევროპიდან მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს

აშშ-ის მოკავშირეები ევროპაში ელიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონტინენტიდან კიდევ უფრო მეტ ჯარს გაიყვანს, იუწყება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ტრამპი მალე ევროპაში ჯარების შემდგომ შემცირებას გამოაცხადებს. მათი თქმით, პირველი ნაბიჯი, სავარაუდოდ, იტალიიდან ჯარების ნაწილის გაყვანა იქნება.

წყაროებმა ასევე განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, გააუქმებს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შემუშავებულ გეგმას გერმანიაში შორი მოქმედების რაკეტების განთავსების შესახებ.

გარდა ამისა, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატები ვარაუდობენ, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს ალიანსის ზოგიერთ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას და ჯარებს ვაშინგტონისთვის მიუღებელი ქვეყნებიდან იმ ქვეყნებში გადაიყვანს, რომლებიც ტრამპის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილები არიან. 

წყაროების თქმით, მათი პროგნოზები ეფუძნება ტრამპის საჯარო განცხადებებს და ნატოს ოფიციალურ პირებსა და მათ ამერიკელ კოლეგებს შორის ალიანსის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გამართულ საუბრებს.

ჯულიან სმიტმა, რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპას ხუთიდან ათ წლამდე, ან კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება. 

„შეუძლებელი იქნება უბრალოდ ჩაანაცვლოთ ის, რასაც აშშ შეკავების თვალსაზრისით უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მან.