Loading data...
უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული დამცველები რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლა

პარასკევს, 20 ივნისს, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სამშობლოში დაბრუნდნენ საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე, სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებიან:

„დღეს გათავისუფლებულ ყველა დამცველს აქვს დაზიანებები, ან სერიოზული სამედიცინო დიაგნოზები: ეპილეფსია, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, მხედველობის პრობლემები, კუნთოვანი სისტემის დაავადებები, თიაქარი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებები. გათავისუფლებულთაგან ბევრს წონის კარგვის დიაგნოზი დაუსვეს“, - აღნიშნულია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში. 

დაბრუნებულ დამცველებს საჭირო გამოკვლევების, შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ. ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მათ გაეწევათ საჭირო დახმარება, აღუდგებათ დოკუმენტები და მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ტყვეობაში ყოფნის პერიოდისთვის.

„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად გაცვლის პროცესი გრძელდება. გათავისუფლებულ პირთა ზუსტი რაოდენობა გაცვლის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - დააზუსტა საკოორდინაციო შტაბმა.

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის თქმით, გათავისუფლებული ყველაზე ხანდაზმული პირი 60 წლისაა. მისი თქმით, ბევრი მათგანი 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა. „მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ოჯახებიც დაუკავშირდნენ ომბუდსმენის ოფისს. ჩვენი ორგანიზაცია მათი უფლებების დაცვით იყო დაკავებული და წერილები გაუგზავნა რუსულ მხარეს“, - წერს ის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ გაცვლის ფარგლებში, რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქების დამცველები, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები.

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ხალხს აბრუნებს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მომავალში გაცვლა გაგრძელდეს, ვიდრე ყველას არ დავაბრუნებთ. დიდება უკრაინას!“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე.