Loading data...
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 23 ივლისს ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი დამცველები სახლში ბრუნდებიან. უკვე შეგვიძლია დეტალებზე საუბარი - სტამბოლის უახლესი შეთანხმებების ყველა ეტაპზე ჩვენ მოვახერხეთ 1000-ზე მეტი ჩვენი ადამიანის დაბრუნება. ათასობით ოჯახისთვის ეს არის სიხარული, როდესაც კვლავ ეხუტებიან საყვარელ ადამიანებს. მადლობა ყველას, ვინც ამაზე იმუშავა“, - დაწერა მან.

მისი თქმით, დღეს დაბრუნებული ჯარისკაცები უკრაინას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით იცავდნენ და მათმა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ სამ წელზე მეტი გაატარა ტყვეობაში.

„მნიშვნელოვანია, რომ გაცვლა გაგრძელდეს და ჩვენი ხალხი სახლში დაბრუნდეს. მადლობა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეს აგრძელებს. ჩვენი ყველა ადამიანის დაბრუნება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ყველა ადამიანი ტყვეობიდან დაბრუნდეს“, - დასძინა ზელენსკიმ.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის უკრაინელი დამცველები სამშობლოში დაბრუნდნენ - მათ შორის არიან დაჭრილები, მძიმედ დაავადებულები, ასევე, მარიუპოლის დამცველები და კუნძულ ზმეინის უკანასკნელი დამცველი.

ზოგიერთმა ჯარისკაცმა სამ წელზე მეტი გაატარა რუსულ ტყვეობაში. ყველაზე ახალგაზრდა, ვინც გაათავისუფლეს, 27 წლისაა, ყველაზე უფროსი კი - 66-ის.