უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში 200 სამხედრო ექსპერტი გააგზავნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში 200 სამხედრო სპეციალისტი გააგზავნა უპილოტო აპარატების შეტევების მოგერიებაში დახმარების აღმოსაჩენად. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის თხოვნით.
ზელენსკის თქმით, საუბარია სპეციალისტებზე, რომლებმაც კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოხდეს Shahed-ის ტიპის დრონებისგან თავდაცვა. ამ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთი მუდმივად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენი სპეციალისტები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, საუდის არაბეთში და ქუვეითში ჩავიდნენ. ჩვენ არ გვსურს, რომ ირანის ტერორი მისი მეზობლების წინააღმდეგ გაგრძელდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა პარტნიორებს, რომ მისი ქვეყნის შესახებ არ დაივიწყონ და ირანის და რუსეთის თანამშრომლობის საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის და ირანის რეჟიმებს „სიძულვილის ძმობა“ აკავშირებს.