უკრაინა პირველად მიიღებს აზერბაიჯანულ გაზს ახალი მარშრუტით - „უკრაინის ნაფტოგაზმა“ დეტალები გაამხილა

„უკრაინის ნაფტოგაზმა“ აზერბაიჯანული გაზის ტრანსბალკანური დერეფნის მეშვეობით მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ჯგუფის საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი კორეცკიმ თავის Facebook გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა პირველად ახორციელებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსბალკანური დერეფნის მეშვეობით იმპორტს.
„გაზის შესყიდვის შესახებ პირველი შეთანხმება SOCAR ჯგუფის კომპანიასთან - SOCAR Energy Ukraine-თან დაიდო. სატესტო მიწოდება ბულგარეთი - რუმინეთი - უკრაინის საზღვრის მარშრუტით ხორციელდება“, - აღნიშნა „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა.
სატესტო გაზმომარაგებაზე საუბრისას კორეცკიმ დასძინა, რომ ეს არის „პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას უხსნის გრძელვადიან თანამშრომლობას, ასევე, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითი“.
ტრანსბალკანური გაზსადენის პირველი ხაზი ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, 1986 წელს აშენდა. 2002 წელს აშენდა მეორე ხაზი. მან თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, ასევე, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე გაიარა. ღია წყაროების თანახმად, გაზსადენი ბალკანეთში რუსული გაზის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა. 2019 წელს ტრანსბალკანური გაზსადენის ინფრასტრუქტურის ნაწილი (თურქეთსა და ბულგარეთში) „ბალკანური ნაკადის“ გაზსადენში შევიდა. 2021 წლიდან გაზსადენის დარჩენილი ნაწილი (რუმინეთში) ახორციელებს რუსული გაზის რევერსულ მიწოდებას „თურქული ნაკადის“ გაზსადენიდან უნგრეთში (BRUA-ს გაზსადენის ინფრასტრუქტურის გამოყენებით).
2025 წლის მაისის ბოლოს ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ამარტივებს უკრაინაში გაზის იმპორტს ტრანსბალკანური გაზსადენის მეშვეობით.