უკრაინა ორ თვეში 100 ათასმა ახალგაზრდა კაცმა დატოვა
კიევის მიერ კანონის მიღების შემდეგ, რომლის მიხედვით ახლგაზრდა კაცებს ქვეყნიდან გასვლის უფლება მიეცათ, პოლონეთი უკრაინიდან ახალგაზრდა კაცების მასიურ გადინებას აფიქსირებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 2 თვეში უკრაინა 18-22 წლის 100 ათასამდე ახალგაზრდა კაცმა დატოვა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პოლონელი მესაზღვრეების ცნობით, 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე უკრაინიდან პოლონეთში საერთო ჯამში 45 300 ახალგაზრდა უკრაინელი კაცი ჩავიდა. აგვისტოს შემდეგ კი, როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა, ორ თვეში უკრაინა 98 500 ახალგაზრდა კაცმა დატოვა. ანუ დღეში უკრაინიდან 18-დან 22 წლამდე 1600 ახალგაზრდა კაცი მიდიოდა.
„ამ გადაწყვეტილების მიზანია ახალგაზრდა უკრაინელთა სწავლისთვის, სტაჟირებისთვის, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შექმნა, რათა მიღებული გამოცდილება მათ მომავალში უკრაინის განვითარებას მოახმარონ“, - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ.
კანონის მიღების შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვმა ამ ჯგუფის მხრიდან კვირაში 100-დან 1000-მდე გაიზარდა.
უკრაინელები გერმანიაში ბინადრობის უფლებას გერმანიაში ლეგალური ყოფნის კანონის 24-ე მუხლის მიხედვით იღებენ, რომელიც მათ შრომის ბაზარზე და სოციალურ შეღავათებზე დაუყოვნებლივი წვდომის უფლებას აძლევს.