უკრაინა-ნატოს საბჭო რიგგარეშე სხდომას იწვევს, დნეპრზე რუსეთის ექსპერიმენტული რაკეტით იერიშის გამო
უკრაინა-ნატოს საბჭო 26 ნოემბერს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება მას შემდეგ, რაც რუსეთმა დნეპრს ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“, დაარტყა. ამის შესახებ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა European Pravda-ს განუცხადა.
უკრაინის ინიციატივით, 26 ნოემბერს ბრიუსელში უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება. განხილვის თემა იქნება რუსეთის მიერ დნეპრის გასწვრივ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება. კრემლის მმართველმა ის წარადგინა, როგორც ექსპერიმენტული რაკეტა „ორეშნიკი“, რომელიც შეიქმნა RS-26 Rubezh-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის რუსული მოდელის საფუძველზე და არის ბირთვული ქობინის პოტენციური მატარებელი.
შეხვედრა ალიანსის შტაბ-ბინაში ელჩების დონეზე გაიმართება.
ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 21 ნოემბრის დილას დნეპრზე შეტევისას რუსეთის ფედერაციამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინულ მედიას წყაროებმა განუცხადეს, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო „რუბეჟის“ რაკეტა, რომელიც ბირთვული მუხტის პოტენციური მატარებელია.
მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იერიშის დროს რუსულმა ძალებმა საშუალო რადიუსის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს.