Loading data...
პუტინის თქმით, დნეპრზე იერიში უახლესი, ჰიპერბგერითი რაკეტით განახორციელეს რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების პასუხად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 21 ნოემბერს დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში ახალი, ჰიპერბგერითი რაკეტით განხორციელდა.

მისივე თქმით, ეს პასუხი იყო რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე. 

„ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე იერიშები დაიწყო, რა დროსაც, საბრძოლო პირობებში გამოვცადეთ ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემა - ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობა გააჩნია.

ჩვენმა რაკეტოლოგებმა მას „ორეშნიკი" უწოდეს. სატესტო გასროლა წარმატებული იყო, რაკეტამ მიზანს მიაღწია და მოხვდა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილ ერთ-ერთი უდიდეს ინდუსტრიული კომპლექსს, რომელიც დღესაც აწარმოებს სარაკეტო ტექნოლოგიას და სხვა იარაღს“, - ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში სავარაუდოდ, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების წარმოებას  გეგმავს. 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც ნებას ჩვენი სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ნებას აძლევენ (უკრაინას). ხოლო აგრესიული მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვუპასუხებთ შეუპოვრად და სარკისებურად“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ რუსეთი „წინასწარ გააფრთხილებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს, დატოვონ შესაძლო განადგურების ზონა“.