უკრაინა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ უნგრეთში წასვლისგან თავი შეიკავონ
„ბუდაპეშტში უკრაინის 7 მოქალაქის გატაცებისა და სახელმწიფო ბანკის კუთვნილი ქონების ქურდობის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, რომ უნგრეთში წასვლისგან თავი შეიკავონ, რადგანაც მათი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა შეუძლებელია“. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
სამინისტრო ურჩევს უკრაინის მოქალაქეებს, რომ უნგრეთის ტერიტორიით არც ტრანზიტული მგზავრობისას არ ისარგებლონ და სხვა მარშრუტები აირჩიონ.
უკრაინული მედიის ცნობით, 5 მარტს უკრაინის 7 მოქალაქე, რომელთა შორის უკრაინის დაზვერვის ყოფილი გენერალიც არის, ასევე ორი დაჯავშნილი საინკასატორო მანქანა, უნგრეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ავსტრიიდან უკრაინაში დაახლოებით 40 მლნ დოლარი, 35 მლნ ევრო და 9 კილოგრამი ოქრო გადაჰქონდათ.
უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ფულის გათეთრების საქმის გამოძიებას უკავშირდება.
უნგრულმა უწყებამ განაცხადა, რომ მაშინვე ამ ფაქტის შესახებ უკრაინის საკონსულო სამსახურს აცნობა, მაგრამ ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიუღია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ უნგრეთის მოქმედებას „მძევლების აყვანა და სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა. მისი განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.