„უკიდურესად უგუნური ნაბიჯი“ - სტარმერი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამოეხმაურა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რუსული დრონების პოლონეთში შეჭრას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა, რუსეთის ქმედებებს კი - „არაგონივრული“.
მან დაგმო რუსეთის „ბარბაროსული თავდასხმები“ უკრაინაზე და რუსული დრონების მიერ პოლონეთის თავზე ნატოს საჰაერო სივრცის „აშკარა, უპრეცედენტო დარღვევა“.
„ეს იყო რუსეთის მხრიდან უკიდურესად უგუნური ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გვახსენებს პრეზიდენტ პუტინის მიერ მშვიდობის აშკარა უგულებელყოფას და მუდმივ დაბომბვას, რომელსაც უდანაშაულო უკრაინელები ყოველდღიურად აწყდებიან“, - აღნიშნა სტარმერმა.
მისივე თქმით, დაუკავშირდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, რათა ნათლად გამოეხატა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა პოლონეთისა და უკრაინის მიმართ.
„გულწრფელად მადლობას ვუხდი ნატოს და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც სწრაფად მოახდინეს რეაგირება ალიანსის დასაცავად“, - განაცხადა მან.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად - და „მსურველთა კოალიციის“ ხელმძღვანელობით - გავაგრძელებთ პუტინზე ზეწოლის გაზრდას, ვიდრე არ მიიღწევა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, - დასძინა სტარმერმა.