Loading data...
„უარვყოფთ ამ ტიპის Twitter-ის დიპლომატიას“ - საარი არ ადასტურებს, რომ ისრაელი მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს მის პორტებში უშვებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს, რომ ისრაელი მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს მის პორტებში უშვებს. მან უკრაინა „დიპლომატიის „ტვიტერით“ წარმოებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ რუსული ტვირთი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან მოპარული საქონელია. 

„ცხადია, ჩვენ უარვყოფთ ამ ტიპის Twitter-ის დიპლომატიას“, - განაცხადა საარმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში ისრაელის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ. ზელენსკი  მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ისრაელში შეშვების გამო ისრაელს სანქციებით დაემუქრა.

საარის თქმით, ის დღეს ამ საკითხზე ისრაელის საგადასახადო სამსახურს ესაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „გემი პორტში არ შესულა, ჯერ არ წარუდგენია დოკუმენტები“ და შეუძლებელია იმ მტკიცების გადამოწმება, რომ გადაზიდვის ჩანაწერები გაყალბებულია.

„ამ დრომდე უკრაინის მთავრობას იურიდიული დახმარების თხოვნა არ წარუდგენია. მათ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნეს პოსტები. უკრაინის მთავრობასაც არ წარმოუდგენია თავისი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ისრაელი „არის სახელმწიფო, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას“ და ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს დასაბუთებულ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილია შესაბამისი არხებით.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს: თუ თქვენ გაქვთ ქურდობის რაიმე მტკიცებულება, წარადგინეთ იგი შესაბამისი არხებით“, - აღნიშნა საარმა და დასძინა, რომ საზოგადოების ზეწოლა ისრაელზე „გავლენას არ მოახდენს“.

მან ასევე გაკვირვება გამოთქვა კრიტიკის გამო და გაიხსენა წარსულში საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინისადმი ისრაელის მხარდაჭერა და რუსეთთან მიმდინარე ომის დროს გაწეული ჰუმანიტარული დახმარება.