Loading data...
ზელენსკი რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენის გამო ისრაელს სანქციებით ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ისრაელში შეშვების გამო ისრაელს სანქციებით დაემუქრა.  

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა არის ქმედება, რომელსაც იურიდიულ პასუხისმგებლობა მოჰყვება. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს. ისრაელის პორტში ასეთი მარცვლეულით დატვირთული კიდევ ერთი გემი ჩავიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არც შეიძლება იყოს სუფთა ბიზნესი. ისრაელის ხელისუფლებამ არ შეიძლება, არ იცოდეს, რომელი გემები რა ტვირთით შედიან ქვეყნის პორტებში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი სისტემატურად იპარავს მარცვლეულს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან და ორგანიზებას უწევს ოკუპანტებთან დაკავშირებული პირების მიერ ასეთი მარცვლეულის გატანას.

„ასეთი ტრანზაქციები თავად ისრაელის სახელმწიფოს კანონმდებლობას არღვევს. უკრაინამ დიპლომატიური არხებით ყველა საჭირო ზომა მიიღო მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთი ასეთი გემი არ გაუჩერებიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ კიევის ყველა პარტნიორს სიტუაციის შესახებ აცნობოს.

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინა ამზადებს სანქციების შესაბამის პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც მათ, ვინც უშუალოდ ახორციელებს ამ მარცვლეულის ტრანსპორტირებას, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ასეთი დანაშაულებრივი სქემიდან ფულის გამომუშავებას ცდილობენ. ჩვენ ასევე კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ შესაბამისი პირები მოხვდნენ ევროპული სანქციების რეჟიმებში“, - დასძინა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა თითოეული სახელმწიფოსგან პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთპატივისცემას ელოდება.

„ჩვენ გულწრფელად ვმუშაობთ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. ველით, რომ ისრაელის ხელისუფლება პატივს სცემს უკრაინას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს“, - დაასკვნა ზელენსკიმ.