ტუსკის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ცეცხლი შობამდე შეწყდეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ცეცხლი შობამდე შეწყდეს.
კითხვას, ხედავს თუ არა ის უკრაინასა და რუსეთს შორის დღესასწაულებამდე შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას, მან უპასუხა, რომ „რუსები, ალბათ, ამ ეტაპზე დიდად არ არიან დაინტერესებულნი სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ან ცეცხლის შეწყვეტით“.
„ამიტომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ, როგორც დასავლეთი, ნამდვილად არ დავუშვებთ ჩვენს გაყოფას. შემდეგ ამ მოლაპარაკებებს კონკრეტული სახე მიეცემა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს შობამდე ნაკლებად სავარაუდოა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
ცნობისთვის, ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში, თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმება თავს, შეერთებული შტატები სამხედრო რეაგირებას მოახდენს.