Loading data...
ტუსკი: უიტკოფმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ ვალდებულია, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ისე უზრუნველყოს, რომ რუსებს ეჭვი არ შეეპაროთ, თუ კვლავ დაესხმებიან თავს უკრაინას, აშშ-ის პასუხი სამხედრო იქნება

თუ რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინას, შეერთებული შტატები სამხედრო რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან მესმის და სტივ უიტკოფმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკა ვალდებულია, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ისე უზრუნველყოს, რომ რუსებს ეჭვი არ შეეპაროთ, რომ ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება, თუ რუსები კვლავ თავს დაესხმებიან უკრაინას. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ეს მე-5 მუხლის მსგავსია, მაგრამ მე პირდაპირ მე-5 მუხლს არ მივუთითებდი, რადგან ამან შეიძლება მხოლოდ გაართულოს შემდგომი მოლაპარაკებები. თუმცა დღეს მოსმენილი განცხადება ნამდვილად შორსმიმავალი იყო“, - განაცხადა მან.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს „პირველად სრულიად ნათელი გახდა, რომ ამერიკელები, ევროპელები და უკრაინა ერთ მხარეს არიან“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის დარწმუნების ერთადერთი რეალური შანსი, დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად, ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მთელი დასავლეთის გაერთიანებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად ვიმოქმედოთ, როგორც მოკავშირეებმა, რათა რუსებმა და პუტინმა დაინახონ, რომ ამ სამ მხარეს შორის განხეთქილების გაღვივება არ შეიძლება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელებთან ერთად შეუძლიათ უკრაინისთვის უსაფრთხოების სერიოზული გარანტიების შექმნა.

რაც შეეხება ტერიტორიებს, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოტენციური ტერიტორიული დათმობები კვლავ ღია და უაღრესად კომპლექსურ საკითხად რჩება, რომელიც უკრაინის მხრიდან სერიოზულ განხილვას მოითხოვს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ამ საკითხზე არანაირ ზეწოლას არ მოახდენს და რომ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელების შეფასებისა და გათვლების შედეგი შეიძლება იყოს.

„ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ მოლაპარაკებებში, რათა რუსეთმა ამ დაპირისპირებაში რაიმე გამარჯვებას ვერ მიაღწიოს. თუმცა ეს ძალიან რთულ ამოცანად რჩება“, - განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, როდესაც ტუსკს უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო ძალების უსაფრთხოების გარანტიის სახით ყოფნასთან დაკავშირებით ჰკითხეს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს სხვა ამოცანებიც ექნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პოლონეთი იქნება მთავარი ჰაბი - არა მხოლოდ იასენკა, არამედ ჩვენი პორტებიც, მთელი ლოგისტიკა უკრაინის აღდგენის საქმეში“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, მისი თქმით, პოლონეთი თავად გადაწყვეტს, „სად გაგზავნოს ჯარები და სად - არა“.