ტუსკის განცხადებით, პოლონეთში 19 რუსული დრონი შეფრინდა, მათგან მხოლოდ 4 ჩამოაგდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, 10 სექტემბრის ღამეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 რუსული დრონის შეჭრა დაფიქსირდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან მიფრინავდა, იტყობინება Polsat News.
ტუსკის თქმით, დადასტურებულია, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს, ხოლო მეოთხე, სავარაუდოდ, განადგურებულია.
„საფრთხის აღმოჩენის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა იმ ობიექტებთან, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი დრონის ჩამოგდება და, დიდი ალბათობით, ოთხის. შესაძლებელია, მეტი ყოფილიყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბოლო დრონი ადგილობრივი დროით 06:45 საათზე ჩამოაგდეს. ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევები არ ყოფილა შემთხვევითი, ან სანავიგაციო ხარვეზებთან დაკავშირებული - ამჯერად დრონები განზრახ ბელარუსიდან დაფრინავდნენ.
„გვაქვს ერთი ძალიან კარგი სიახლე: რუსეთის ქმედებების შედეგად დაღუპულთა, ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ამ ეტაპზეა ასეა“, - დასძინა ტუსკმა.
როგორც Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით წერს, პოლონეთში არა 10, არამედ სულ მცირე 23 რუსული დრონი შეფრინდა. პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო ორ დღეში შეიკრიბება, რათა გაერკვნენ, „რა მოხდა“ პოლონეთში.
ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა მოითხოვა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება. Reuters-ის ცნობით, მოკავშირეებთან პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ის ფაქტი, რომ ეს დრონები, რომლებიც უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, ჩამოაგდეს, პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის. ამიტომ მოკავშირეების კონსულტაციებმა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების ოფიციალური მოთხოვნის სახე მიიღო“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა და მოკავშირეების მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა არ სჭირდება.
ტუსკმა დასძინა, რომ არ არსებობს საფუძველი იმის თქმის, რომ პოლონეთი საომარ მდგომარეობაშია, თუმცა ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიარაღებულ კონფლიქტთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
რას გულისხმობს ნატოს მე-4 მუხლი?
ნატოს მე-4 მუხლი წარმოადგენს მოკავშირეებს შორის კონსულტაციების მექანიზმს, როდესაც მოკავშირე მიიჩნევს, რომ მისი უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა.
მე-5 მუხლისგან (კოლექტიური თავდაცვა) განსხვავებით, ის ავტომატურად არ გულისხმობს სამხედრო ჩარევას. მისი გააქტიურება იწვევს სასწრაფო განხილვებს ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში.
მიზანი ერთობლივი რეაგირების შემუშავებაა: საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჯარების განლაგება, დიპლომატიური ზეწოლა, ან სხვა ნაბიჯები. ამრიგად, პოლონეთს მე-4 მუხლის მოხმობით ოფიციალურად სურს, ნატოს ფარგლებში განიხილოს რუსული დრონების საფრთხე და მის საჰაერო სივრცეში შეჭრის საკითხი.